20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
"ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება" - სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას მისი ერთი ადვოკატი სასაცილოს უწოდებს, მეორე კი გმირობის დოკუმენტს

ახალი ბრალი წარდგენილია - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ახლა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ოფიციალურად ადანაშაულებენ. ბრალის გაცნობას მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტს სამართლებრივი ფასი არ აქვს. 

"რეალურად, სამართლებრივი ფასი ამ დოკუმენტს არ აქვს, შესაბამისად, სასაცილოც კია მისთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენ აბსოლუტურად სხვა კუთხით ვუყურებთ ამ საკითხს. 

მიხეილ სააკაშვილმა აგვაცილა თავიდან მოსალოდნელი დაპირისპირება, რის დაორგანიზებასაც აპირებდა "ქართული ოცნება" და რეალურად, ის ქვეყანაში დაბრუნდა ისე, რომ თმის ღერიც კი არავის არ ჩამოვარდნია," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის შესახებ საუბრობს ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი, ბექა ბასილაიაც, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსლვას გმირობას უწოდებს. 

"როდესაც საქართველოს დევნილი მე-3 პრეზიდენტი, ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დევნილი პრეზიდენტი ბრუნდება, ეს არის გმირობის აქტი, ეს არის ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება. მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ ეს ასახეს დოკუმენტალურად," - ამბობს ბექა ბასილაია. 

ეს უკვე მე-5 სისხლის სამართლის საქმეა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში. ორზე - სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე მას პატიმრობა შეფარდებული აქვს. 7 ნოემბერსა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვაზე კი ძიება გრძელდება.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოძიება 344-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება, რაც საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ბრალის წარდგენიდან 24 საათის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა, თუმცა რადგან მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 

 

 

 

დღის ამბები