18 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
"5 გასროლა იყო ზედიზედ, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი, შენიღბულმა პირმა ესროლა..." ბათუმში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები 

დაჭრა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში - "კურიერის" ინფორმაციით, პირმა რომელმაც 50 წლამდე მამაკაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მიმალვა შეძლო. 

თვითმხილველების თქმით, მათ გასროლის ხმა 5-ჯერ გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი დაჭრილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მათივე თქმით, დამნაშავე რომელიც შავი ფერის მანქანით გადაადგილდებოდა შენიღბული იყო. 

"5 გასროლა იყო ზედიზედ, 2 ცოტა ინტერვალით. ეს არის უეჭველი ცეცხლსასროლი იარაღით, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ვნახე დაგდებული იყო კაცი, ჯერ კიდევ ნარკოლოგიურის ექიმები არ იყვნენ ჩამოსული ქვევით, მხოლოდ 3 კაცი რაღაცას ხლაფორთობდა, რა გავაკეთოთო და ა.შ.

დაჭრილი იყო ალბათ ბარძაყში.

ზევით ამბობდნენ ექიმები, რომ შავი მანქანით იყო შენიღბული ადამიანიო," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ეკა წულუკიძე.

"კურიერთან" კიდევ ერთი თვითმხილველი და ამავე დროულად ნარკოლოგიური დაწესებულების დირექტორი მაია კონცელაძე ადასტურებს, რომ თავდამსხმელი შავ ნიღბიანი პირი იყო და ხმაურის გაჩენისთანავე ტერიტორიას გაეცალა.

"წესით გეგმიურად უწევდათ სერვისის მიღება და კიბეზე შემოდგმის დროს მოხდა ეს ინციდენტი. ფიზიკურად არც ხმაური გაგვიგონია მანამდე, არც სიტყვიერი დაპირისპირება. პირველსავე ტყვიის ხმაზე გადაიხედეს გოგონებმა და დაინახეს ნიღბით, შავ პირბადეში ჩაცმული მამაკაცი როგორ ედგა თავზე და იარაღით ცხრილავდა. ატყდა ხმაური. მოქალაქე მანქანით გაეცალა ტერიტორიას. წინა ეზოს კამერები არ გვაქვს ჩვენ საერთოდ იმიტომ, რომ ეს კონფიდენციალური დაწესებულებაა," - აცხადებს ნარკოლოგიურის დირექტორი მაია კონცელაძე.

დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები