ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში კიდევ რამდენი პირია დაკავებული. მათი ძირითადი საქმიანობა ფულის გამოძალვა იყო. "კურიერმა" საქმის მასალები ექსკლუზიურად მოიპოვა, საიდანაც დაზარალებულის ვინაობა ირკვევა.
ეს არის რუსი ბიზნესმენი ვიაჩესლავ მოგილნიკოვი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს. რუსეთში ის თავის დროზე პერმის მხარეში ცხოვრობდა, სადაც სოფლის გამგებელი იყო, საქართველოში კი მაკლერობა დაიწყო. რუსეთიდან საცხოვრებლად საქართველოში ოჯახით გადმოსული მამაკაცი დუმილს გამოძიებასთან არღვევს.
თანხა, რომელსაც დაკავებულები რუსეთის მოქალაქისგან ითხოვდნენ 180 000 დოლარია. თუმცა ბიზნესმენისგან მხოლოდ 300 ლარის გამოძალვა მოახერხეს. კრიმინალური სამყაროს სახელით დიდი ოდენობის თანხის წართმევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
საქმეზე გამოძიებამ სამი პირი დააკავა. მათ შორის 52 წლის დავით ქუძოშვილი, მეტსახელად "დათო თბილისკია" - კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. დაკავებულებს შორის ირაკლი კონცელიძე და გია ლაზიშვილიც არიან. მათი ინტერესების დამცველებს მედიასთან საუბარი არ სურთ. საქმის ფარგლებში გამოიკითხნენ დაკავებულების მეზობლებიც.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე მიმდინარეობს. სისხლის სამართლის ის მუხლი, რომლითაც 3 პირი აიყვანეს სასჯელის ზომად 3 დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.