თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას და აიცერით - უკიდურესად დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე მედიკოსთა რეკომენდაციები უფრო კატეგორიული ხდება. ეპიდემიოლოგები დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებასაც არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
"ძალიან მოკლე დროში დაგვიდგა ახალი ტალღა. ეს ძალიან რთული იქნება როგორც სამედიცინო სექტორისთვის, ასევე ზოგადად პერსონალისთვისაც. ვაქცინაციის პროცესიც მიმდინარეობს ძალიან დუნედ. ახალ შტამთან დაკავშირებით ვიცით, რომ ის არის რუსეთში გავრცელებული. საქართველოში ამ შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან არ გვაქვს. ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მასიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთა ნაკადი გაზრდილია და ეს ძირითადად იმ რეგიონებიდანაა, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაბალია:
"ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტთა ნაკადის გაზრდა შეინიშნება. მომართვიანობა არის ძირითადად იმ რეგიონებიდან, სადაც ვაქცინაციის პროცესი არის დაბალი. ახალი შტამი არც ჩვენ კლინიკაში და საბედნიეროდ, მე მგონი, არც ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ აიცრან, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულების," - განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.