ექსპერტი მამუკა არეშიძე დავით გარეჯის საქმის ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიკითხა. კავკასიოლოგმა პროცესზე თქვა, რომ გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს წლებია სწავლობს და დეტალურად იცის, თუ როგორ დაიძაბა 2007 წელს ვითარება, როდესაც მომლოცველებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ.
მოწმედ დაკითხული ექსპერტი მეზობელი ქვეყნის საზღვართან მდგომარეობის გართულებაზე პასუხისმგებლობას საზღვრის დამდგენი კომისიის ბრალდებულ წევრებთან ერთად, იმდროინდელ ხელისუფლებას აკისრებს.
სასამართლო დარბაზში 3 საათიანი დაკითხვისას მოწმემ გაიხსენა ბრალდებულ ივერი მელაშვილთან წლების წინ, შეხვედრის დეტალებიც. მისი ჩვენებით, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრს არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით შეხვდა და მოსაზრებები გააცნო, რაც მელაშვილმა არ მიიღო და არგუმენტად საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა დაასახელა. ამ შინაარსის შეხვედრას უარყოფს ბრალდებული მელაშვილი.
"მოწმის ჩვენება ფაქტების გარეშე" - ამ შინაარსის კომენტარი მოჰყვა დაცვის მხარის მხრიდან მამუკა არეშიძის ჩვენებას.
"ვრცელი ჩვენება საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალების შემცველი იყო" - ასე შეაფასა საქმის პროკურორმა კავკასიოლოგის დაკითხვა, რომელიც 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე მომდევნო სხდომა 3 ნოემბერს ჩაინიშნა. პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება.