კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ მზარდია. 45 გარდაცვლილი, 4009 ახალი შემთხვევა და 5177 გამოჯანმრთელებული. ასეთია გასული დღე-ღამის კოვიდ სტატისტიკა. როგორი იქნება კოვიდის მეხუთე ტალღის პიკი, რას უნდა ველოდოთ ნოემბერ-დეკემბერში - სპეციალისტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ბოლო პერიოდის მსგავსი ტემპით გააგრძელებს გავრცელებას - ქვეყანაში სულ მალე საწოლფონდის დეფიციტი გარდაუვალი იქნება. მედიკოსები კიდევ ერთხელ საუბრობენ აცრისა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე.
"ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას, პიკი გვაქვს 17 აგვისტოს, 6208 შემთხვევა, ეს არის ის რიცხვი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე მაღალ რიცხვად. თუ ნოემბერ-დეკემბერში გადავაჭარბეთ ამ მაჩვენებელს, მაშინ მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის რეალური მე-5 ტალღა.
მეხუთე ტალღის პიკი, 6200-ზე მეტი, იქნება განხილული უკვე ახალ ტალღად და გაცილებით მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს ქვეყანაში," - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.