ყველაზე ცხელი წერტილი - ზუგდიდშიც წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მამუკა წოწერია 51.63%-ით იგებს არჩევნების მეორე ტურს. მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 48.36% მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია გუშინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი გამარჯვება აღნიშნა, ის მედიასთან აღარ გამოჩენილა. მისი პოზიცია შედეგებთან დაკავშირებით უცნობია.
თავად მამუკა წოწერიამ დღეს დილით მედიასთან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, მას შემდეგ, როდესაც ის ზუგდიდის მერი უკვე ოფიციალურად გახდება. მამუკა წოწერიას განცხადებით, გუშინ გარკვეულ ჯგუფებს საარჩევნო უბნებთან გარკვეული პროვოკაციების მოხდენა სურდათ, სწორედ ამიტომ მოხდა არა ერთხელ დაძაბულობა და პოლიციის ჩართულობა სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებლობა, რომ მოხდეს საარჩევნო უბნების შედეგების ხელახლა გადათვლა, როგორც ეს უნდა ოპოზიციას, მაგრამ ამის საჭიროების შემთხვევაშიც წოწერია დარწმუნებულია, რომ შედეგები არ შეიცვლება.
"ყველაფერი განხორციელდა კანონიერად და კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. ხოლო რაც შეეხება "ძველ ბიჭებს", არ ვიცი ამ კატეგორიაში რას გულისხმობენ, "ძველი ბიჭების" ნაცვლად მათ უბანზე ხვდებოდა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, მე, საკრებულოს დეპუტატები.
დარწმუნებული ვარ, რომ მათ მოუწევთ საბოლოო ჯამში აღიარება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ნება.
მერობა ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და კეთილმსახურების ვალდებულება. მე მათ ვპირდები, რომ ვიქნები როგორც მერი, თითოეული მათგანის მეგობარი, თითოეული მათგანის მსახური მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნებისა," - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
რაც შეეხება ოპოზიციას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და აუცილებელია ამ შედეგების გაპროტესტება, საუბარია საპროტესტო აქციებზე. ისინი აღნიშნულ შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.