ზუგდიდის სასამართლოში მოძრაობა საქართველოსთვის წევრების პროცესი მიმდინარეობს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მოძრაობის წევრები ზუგდიდში, არჩევნების დღეს დაპირისპირების დროს დააკავეს.
მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტი ალექსანდრე კუპრავა ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დროს, დაკავებულები გაიტაცეს და სადამკვირვებლო მისიას მოაშორეს. მისივე თქმით, 4 დაკავებულიდან, ერთ-ერთის მიმართ მოსამართლემ 5 დღიანი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
"2 დღის წინ ეს ადამიანები გაიტაცეს, მოაშორეს სადამკვირვებლო მისიას, დაირღვა მათ მიმართ 48 საათიანი ვადა და ახლა გავიგეთ, რომ ერთი აქტივისტის მიმართ ზუგდიდის მონა მოსამართლემ მიიღო 5 დღიანი დაპატიმრების გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, დანარჩენ სამსაც შეუფარდებს პატიმრობას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება სჯის პატრიოტ ადამიანებს," – აცხადებს ალექსანდრე კუპრავა.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან პაპავა ამბობს, დაკავებულების მიმართ სავარაუდოდ დაკავების სტანდარტები დაირღვა. ლევან პაპავა პოლიციის სამმართველოში შესვლას ითხოვს და დაკავებულების მონახულებას ითხოვს.
"სახალხო აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ 4 ადამიანი შაბათ დღეს, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, იქნა დაკავებული და მათ მიმართ სავარაუდოდ არის დარღვეული დაკავების სტანდარტი, კერძოდ საპროცესო ვადები. აქედან გამომდინარე ვითხოვ პოლიციის სამმართველოში შესვლას, დაკავებულების მონახულებას, დოკუმენტების გაცნობას, მათ შორის იმის შესწავლას კონკრეტულად რა დროს იქნენ ეს ადამიანები დაკავებულები," - ამბობს ლევან პაპავა.