27 აპრილი 2024,   00:29
ვრცლად
გუდაურში მომხდარი მკვლელობა - რატომ ითხოვს პროკურორი მოსამართლის აცილებას

2020 წლის თებერვალში გუდაურში თამაზ გორთამაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა მოსამართლის აცილება მოითხოვა.

სახელმწიფო ბრალდება ფიქრობს, რომ მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია, როცა ღიად აღნიშნა, რომ ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილია, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.

"პროცესზე, რომელიც ჩავატარეთ გუშინ, აშკარად გამოხატა მოსამართლემ მიკერძოება დაცვის მხარის მიმართ, კერძოდ, იგი უგულვებელყოფდა ბრალდების მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს, განცხადებებს და აშკარად აძლევდა უპირატესობას დაცვის მხარეს. კერძოდ, მიეცა დაცვის მხარეს უფლება, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ეყვირა, შეურაცხყოფა გამოეხატა დაზარალებულის მხარის მიმართ და ასე შემდეგ. რაზეც ჩვენ გვქონდა აშკარა პროტესტი. მოსამართლემ ეს პროტესტები და შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა," - აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

როგორც თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, ისინიც მხარს უჭერენ ადვოკატის შუამდგომლობას და ფიქრობენ, რომ მოსამართლე მიკერძოებულია.

"გამომდინარე გუშინდელი სხდომიდან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს მიკერძოებას და აქედან გამომდინარე მივმართე პროკურატურას, იმიტომ რომ გუშინდელი სხდომიდან გამოვედი სრულიად აღშფოთებული," - განაცხადა მოკლული თამაზ გორთამაშვილის რძალმა ნინო გულიაშვილმა.

დაზარალებული მხარის პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებს ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე:

"აბსოლუტურად აბსურდული და დაუსაბუთებელია. რეალურად მათი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჩვენი პოზიცია არის ბევრად უფრო დასაბუთებული, არგუმენტირებული და ამ ყველაფერს ნაფიცი მსაჯულები ძალიან კარგად ხედავენ," - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის  16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი - თამაზ გორთამაშვილი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და მას აღკვეთის ღონისძიება მოეხსნა. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

დღის ამბები