სახელმწიფო შეთქმულების საქმეზე დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე სამი პირი დაიკითხა, მოგვიანებით კი სამივე მათგანი სუსის სპეცოპერაციის სამიზნე გახდა.
მათი ჩხრეკა, სხვადასხვა ლოკაციაზე, დაახლოებით, ერთი საათი გრძელდებოდა. გიორგი შერვაშიძის ჩხრეკის პროცესს "კურიერი" აღმაშენებლის ხეივანზე შეესწრო. გამომძიებლებმა შერვაშიძის კუთვნილი მობილური ტელეფონი მტკიცებულების სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოიღეს.
"კურიერმა" გაარკვია, რომ აღმაშენებლის ხეივანზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. გარდა შერვაშიძისა, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ბესო წერედიანი და დავით მახარაძეც. ამ შემთხვევაშიც, სუსის გამომძიებლებმა აქტივისტების პირადი მობილურები ამოიღეს.
მოგვიანებით, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ვიდეო მიმართვაც გაავრცელა. ბესიკ წერედიანი კომპილაციას უწოდებს იმ ფრაზებს, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის და სადაც საუბარია საქართველოში მაიდნის სცენარის გამეორებაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქაოსი და არეულობა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების დროს უნდა დაწყებულიყო.
ბესო წერედიანი, გიორგი შერვაშიძე და დავით მახარაძე სახელმწიფო შეთქმულების წინააღმდეგ დაწყებული საქმის მთავარი მოწმეები არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერებში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო წერედიანი ფიგურირებს. დღეს მან გამომძიებლების კითხვებს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხა და გავრცელებულ ჩანაწერებში მისი ხმის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა, აუდიომასალის ექსპერტიზა მოითხოვა.
გამომძიებლების კითხვებს საქალაქო სასამართლოში უპასუხეს სამოქალაქო აქტივისტებმა - გიორგი შერვაშიძემ და დავით მახარაძემ. მოწმეები ამბობენ, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიმდინარე შეხვედრებს ესწრებოდნენ, თუმცა, რაიმე მოწოდება მათი მხრიდან არც ერთხელ გაჟღერებულა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმესთან დაკავშირებით დღეს დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა. ფაქტზე გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას შეთქმულებით გულისხმობს. სუსის ინფორმაციით, საქმეში დევს 2 საათიანი აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილე პირებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ჩანაწერი სასამართლო გამოყენებითაა მოპოვებული და ის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია გაკეთებული.