შეწყვეტს თუ არა შიმშილობას მიხეილ სააკაშვილი - ეს დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს უფლებადამცველები ცოტა ხანში შეხვდებიან. ეს იქნება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაჰყავთ, ექსპრეზიდენტის ადვოკატი ეხმიანება. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გამოქვეყნებულ კადრებში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.
"ნათლად დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ ის არ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში და მიუხედავად მისი კატეგორიული წინააღმდეგობისა ის მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილი ბუნებრივია არ თანხმდებოდა ამ პროცესს და აფიქსირებდა საკუთარ წინააღმდეგობრივ პოზიციას და ეს არის ზუსტად ასახული ამ კადრებზე. ამ კადრებზე ასახულია ასევე არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ," - განაცხადა უფლებადამცველმა.
დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არ აპირებენ სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონფიდენციალურობის დაცვას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება.
"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ დოკუმენტის კონფიდენციალურობა დავიცვათ და არ მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს. ბუნებრივია ჩვენ შევთანხმდებით ფორმატზე, მაგრამ ეს დოკუმენტი იქნება ხელმისაწვდომი. მოთხოვნის ფორმა ბუნებრივია იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახელმწიფოსთვის დავალდებულება იმისა, რომ მას გადაეყვანა კერძო კლინიკაში კონსილიუმის მიერ გაცემული დასკვნების, დადგენილი კრიტერიუმების და ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს არის მოთხოვნის ფორმულირება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ თქვა უარი დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რეალურად გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც დაევალა სახელმწიფოს გარკვეული ღონისძიებების შესრულება და მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა," - განცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.