ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე რთულდება - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლინიკები კოვიდინფიცირებული პაციენტებით სავსეა.
"ეპიდვითარება რთულია, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით ყველაზე რთული სიტუაცია გვაქვს კახეთში, იმერეთში და ახლა ძალიან სერიოზულად გართულდა მდგომარეობა შიდა ქართლში. შემთხვევების რაოდენობა 5 ათასის ფარგლებშია, რაც ძალიან ბევრია. საავადმყოფოთა დატვირთვა უკვე ძალიან სერიოზულია. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა იმატებს. ამიტომ ერთადერთი რაც დაიცავს მოსახლეობას, ეს არის აცრა. ამიტომ კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას ავიცრათ. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება საქართველოში," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.