16 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
"აქ მისი უსაფრთხოება სერიოზული შეშფოთების საგანია" - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა გლდანის მე-18 დაწესებულება დატოვა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის და ამერიკელი იურისტის შეხვედრა გლდანის მე-18 დაწესებულებაში დასრულებულია. სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა თითქმის სამ საათი გაგრძელდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატმა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება სერიოზული შეშფოთების საგანია:

"ყოფილი პრეზიდენტი თავს მხნედ და ძლიერად გრძნობს. თუმცა ის არ იმყოფება შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში. სერიოზული შეშფოთების საგანია აქ მისი უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდება, აქ არ არის მის სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო შესაძლებლობები. ახლა ჩვენი პრიორიტეტი მისი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დაცვის თანამაშრომლები თავის მოვალეობას ასრულებენ, რომ დაიცვან სააკაშვილი. ამ შენობაში ვერ იქნება პრეზიდენტი უსაფრთხოდ, როცა აქ მის მიერ გასამართლებული ადამიანები იმყოფებიან. გავრცელებული ვიდეოები შემაშფოთებელია, თუ როგორ ეპყრობიან მას. ის რისთვისაც სააკაშვილი სასჯელს იხდის შეერთებული შტატების ან საერთაშორისო კანონების თანახმად დანაშაულად არ იქნებოდა მიჩნეული," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი.

შეხვედრას პატიმრის ქართველი ადვოკატებიც დაესწრნენ. დიტო საძაგლიშვილის თქმით, ისინი შესაბამისი უწყებიდან კვლავ ელოდებიან ოფიციალურ პასუხს, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანას:

"არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი იმაზე, თუ რას აპირებენ და აპირებენ თუ არა, სააკაშვილის გადაყვანას მე-18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში სულაც არაა საავადმყოფო, თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიც კი. მიხეილ სააკაშვილი აქ არ მოუყვანიათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი," - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

დღის ამბები