31 აგვისტო 2026,   05:09
ვრცლად
"ჰოსპიტალურ სექტორში უმძიმესი ვითარებაა, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრა და რეგულაციების შესრულება"- აკაკი ზოიძე

ქვეყანა კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის - არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ექიმები შიშობენ, რომ წლის ბოლომდე ვირუსი საქართველოში დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკებში 7 000-მდე მძიმე პაციენტია მოთავსებული, აქედან 350-მდე ადამიანი კი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს, ჯანდაცვის ექსპერტები ყველას კიდევ ერთხელ ვაქცინაციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორმე შევამციროთ დაინფიცირება. ყველაფერს აქვს თავისი ჩარჩოები და საზღვრები, ბოლოს, ალბათ, მივალთ იქამდე, რომ ეს ყველაფერი გადაიტვირთება. დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც აქამდეც იყო შემოთავაზებული და ახლაც გრძელდება - ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია, ვაქცინაცია,"- აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.

ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე საკმაო ზეწოლაა და ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გადაიტვირთება. 

"ჩვენთან უმძიმესი ვითარებაა ჰოსპიტალურ სექტორთან მიმართებაში. უკვე 55 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს და გვექნება ალბათ 60 ათასზე მეტი და ამის შემდეგ, უკვე სისტემა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრა და რეგულაციების ზედმიწევნით შესრულება,"-აცხადებს აკაკი ზოიძე. 

დღის ამბები