რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით პროცესი დაიწყო. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მეორე სასამართლო პროცესი მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
სხდომას მთავარი ბრალდებული, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც არ ესწრება. მიუხედავად ყოფილი პრეზიდენტის სურვილისა, პენიტენციურმა სამსახურმა, ბრალდებულს პროცესზე დასწრების უფლება ამჯერადაც არ მისცა. ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ სასამართლო სხდომის ჩანიშვნა განგებ გააჭიანურა.
"ეს სასამართლო სხდომა არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეყვანა პენიტენციურ სამსახურს, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი,"- აცხადებს ბექა ბასილაია.
"მინდა გამოვეხმაურო დასახელებულ მიზეზს - რომ არსებობს საფრთხე, რომ შეიძლება რაღაც ექსცესებს ჰქონდეს ადგილი, საუბარია, 500-600 მანქანით ესკორტირების შეფერხებაზე. მაინტერესებს, რამდენი ხანი უნდა გამოიყენოს პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრული ბოდვა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია თვეზე მეტია და ჩვენ, გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია, არცერთი რეალური ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.