20 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენი ცნობილია

შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დღეს დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტურისტული კომპანია traveler.ge-ს ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გოჩა გოგილაშვილს, რომელიც იმ მიკროავტობუსის მფლობელი იყო, რითაც ტურის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ.

ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა, რადგან, მათთვის მოულოდნელად, შალვა ბოლოთაშვილს ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირდა. თავდაპირველად მასაც და გოჩა გოგილაშვილსაც 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავებოდნენ, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. traveler.ge-ს ხელმძღვანელი სასამართლომ შედარებით მსუბუქი მუხლით გაასამართლა - სამსახურებრივი გულგრილობის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 3 წელი მიუსაჯა.

ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით გადააკვალიფიცირეს ბრალი შალვა ბოლოთაშვილის შემთხვევაში. ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქმის მასალებს გადასცემენ. 

ადვოკატის განცხადებით, ოჯახი განაჩენის გასაჩივრების მოთხოვნით, აპირებს პროკურატურას მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. 3 დაშავებულიდან 2 მოგვიანებით გარდაიცვალა. 

დღის ამბები