16 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ნინო ლომჯარია ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა ექსპერტთა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა - ირაკლი კობახიძე კონსილიუმზე

სახალხო დამცველთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი ნდობას არ იმსახურებს - ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.

"თქვენ იცით, ზოგადად, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ვხედავთ, რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არა ერთი მათი თუნდაც საჯარო განცხადება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს," - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველის მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც ეხმიანება და ამბობს, რომ ომბუდსმენმა დამატებითი კონსილიუმი იმ კითხვის საპასუხოდ შექმნა, რომელზეც პასუხი ვერც ერთმა მხარემ ვერ მიიღო, თუ რისი საჭიროება არსებობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის საკითხს. მამუკა მდინარაძის თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებას ინტენსიური თერაპიის მიმართულებით მკურნალობის გამოცდილება გააჩნია.

"გუშინ გამოვიდა ლომჯარია, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაცმოძრაობის" მესიჯბოქსშია ბოლომდე ჩამჯდარი. თუ გამოცდილებაზეა საუბარი და ამ სიტყვას ჩაეჭიდნენ, მათ შორის ინტენსიური თერაპიის მიმართულებით და ა.შ., გამოცდილება აქვს ამ კლინიკას როგორც ჩვენ გავიგეთ, მაგრამ თუ რამე საჭიროება არის და ვერავინ გაგვცა ჩვენ გუშინ პასუხი და ჩემი აზრით, ჩემი ეჭვია უბრალოდ, რომ ლომჯარიამ რადგან ნახა, რომ ვერავინ გაგვცა პასუხი 2 დღის განმავლობაში დასმულ კითხვაზე რა საჭიროება იყო, რაც ვერ მიიღო, ასეთი არ არსებობდა და ამ კითხვის საპასუხოდ შეიქმნა ჩემი აზრით ეს დამატებითი კონსილიუმი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები