ერთი შეხედვით მოქალაქეები თბილისის ქუჩებში ყველა სავალდებულო რეკომენდაციის დაცვით გადაადგილდებიან - უკეთიათ პირბადე, შეძლებისდაგვარად იცავენ სოციალურ დისტანციას, იყენებენ სადეზინფექციო სითხეებსაც. ამის მიუხედავად ქვეყანაში კოვიდით დაინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მაინც იზრდება.
4 278 დაინფიცირებული და 63 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - ასეთია დღევანდელი სტატისტიკა, წინა დღეების მონაცემებთან შედარებით მცირეა, თუმცა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშო. სპეციალისტები ეპიდვითარებიდან გამომდინარე გამოსავალს მხოლოდ რეგულაციებში ვერ ხედავენ და კვლავ ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
გაუარესებული ვითარება ყოველდღიურად სამედიცინო დაწესებულებებზეც აისახება, თითქმის ყველა კლინიკის წარმომადგენელი პაციენტთა გაზრდილ მიმართვიანობაზე საუბრობს. ექიმები, რომლებსაც კოვიდ ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი აქვთ, ამბობენ, რომ თუ ვითარება არ დასტაბილურდა და ვირუსი კვლავ ფართოდ გავრცელდა, სამედიცინო პერსონალის რესურსსაც შეამცირებს.
სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება - სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების დასამარცხებლად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობის გარდა გარშემომყოფების უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოს.
სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ეპიდვითარების გაუარესებას არსებულ ფონზე მომავალშიც ელოდებიან, მდგომარეობის დასტაბილურებას კი მხოლოდ რეგულაციების მკაცრ დაცვაში და მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ, განსაკუთრებით კი 60 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფებში.