20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ამბოხი ეკლესიის თუ კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ - მარტვილის მამათა მონასტერში დღეს ისევ ხმაური იყო

მარტვილის წაჩხურუს მამათა მონასტერში მთავარანგელოზობა პროტესტის ფონზე აღინიშნა. ტაძარში მიმავალი გზა მიტროპოლიტმა სტეფანემ ისევ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებთან ერთად გაიარა. მათმა გამოჩენამ მონასტრის საძმოს გაღიზიანება გამოიწვია. შეძახილები და დაპირისპირება მონასტრის ეზოში მას შემდეგ შეწყდა, რაც პროცესში პოლიცია ჩაერთო. ე.წ. ამბოხებულების მხარდასაჭერად ადგილზე მივიდა მრევლის ნაწილიც.

ჩოხოსანთა საზოგადოების მიმართ განკვეთილი ბერები განსაკუთრებული აგრესიით მას შემდეგ გამოირჩევიან, რაც 2 კვირის წინ, სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება მოხდა, ე.წ. ამბოხებულებს კი ტერიტორია დაატოვებინეს. ამჯერად, ჩოხოსანთა საზოგადოებამ განმარტა, რომ ისინი მონასტერში წირვაზე დასასწრებად მივიდნენ. 

საკითხზე ამბიონიდან არ უსაუბრია მიტროპოლიტ სტეფანეს. წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა თქვა, რომ პროტესტის ის ფორმა, რომელსაც განკვეთილები ხშირად 
მიმართავენ, მიუღებელია და მიაჩნია, რომ ეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხს ნიშნავს. 

პროტესტის ფორმას არ ცვლიან განკვეთილები. მათი თქმით, ისინი მიტროპოლიტს ეპარქიას არ დაუთმობენ და მის მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან. 

მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქია ჩაიბარა, არაერთხელ ჰქონდა ადგილი დაპირისპირებას. სასულიერო პირების ნაწილმა მას პირველივე საეკლესიო კრებაზე ნდობა არ გამოუცხადა, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ფიზიკური დაპირისპირება მღვდლებს შორის მოხდა ბზობის დღესასწაულზეც, რის შედეგადაც გამოძიება დაიწყო. მაშინ წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ მარტვილში განვითარებული მოვლენები არის ამბოხი ეკლესიის წინააღდეგ.

დღის ამბები