COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პარალელურად, უკვე შესაძლებელია გრიპის 4-კომპონენტიანი ვაქცინის გაკეთებაც, ის ყველა კლინიკაშია ხელმისაწვდომი.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1 დეკემბრამდე გრიპის ვაქცინა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უფასოა.
როგორც ამირან გამყრელიძე "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, აქტიურობიდან გამომდინარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
"გარდა იმ რისკჯგუფებისა, რომლებიც იყო ჩამონათვალში და იცრებოდნენ, რომ 1 დეკემბრამდე და არა 1 დეკემბრიდან, ძალიან გთხოვთ არ აგვერიოს, ყველა ადამიანისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა შესაბამის პოლიკლინიკებში, სადაც ეს აცრები წარმოებს, იქნება უფასო, არა მხოლოდ რისკჯგუფებისთვის, არამედ ყველა მსურველისთვის, ბავშვები, მოზრდილები და ა.შ. მაგრამ, ეს იქნება 1 დეკემბრამდე ასეთი თავისუფალი აცრები.
შემდეგ გადავხედავთ როგორ იქნება აქტიურობა და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, რამე თუ გარკვეული დოზები ჩვენ ყოველთვის ორსულებისთვის უნდა გვქონდეს სეზონის ბოლომდე," - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამ დროისთვის, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის 100 ათასი დოზა ვაქცინაა ქვეყანაში.