16 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
შოპინგი ლონდონში, მოგზაურობა ლას ვეგასში და დასვენება კორსიკაზე - დაესწრება, თუ არა სააკაშვილი 22 ტომად აკინძულ 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს

9 მილიონის გაფლანგვის საქმის განხილვას ექსპრეზიდენტი პირველად, სავარაუდოდ, 2 დეკემბერს დაესწრება. იუსტიციის სამინისტრო სასამართლოში მის გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა გარკვეული პირობით - ეს მიხეილ სააკაშვილის სურვილზე და ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ადვოკატების პოზიციას ბრალდების მხარე მტკიცებულებების 22 ტომს უპირისპირებს. გასახდომი და კოსმეტიკური პროცედურები, საჩუქრები, ოჯახის წევრების სწავლა, მოგზაურობა, დასვენება, ასევე არაოფიციალური ვოიაჟები უცხოეთში - ბრალდების მიხედვით, ექსპრეზიდენტის პირად კომფორტში ბიუჯეტიდან უკანონოდ 9 მილიონამდე ლარია დახარჯული. პროკურატურაში ამბობენ, რომ მათ პოზიციებს ფინანსური დოკუმენტები ამყარებს.

"კურიერის" მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ 2012 წელს ბიუჯეტს 97 000 ლარი დაუჯდა სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების ვოიაჟი ჰოლანდიაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ორდღიან მოგზაურობაში თან ახლდა ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანიც.

საქმის მასალებით, ამავე წელს მიხეილ სააკაშვილმა რაფაელ გლუქსმანთან და სხვა რამდენიმე მეგობართან ერთად ლას ვეგასშიც იმოგზაურა. სასტუმროს, რესტორნებში კვებისა და ტრანსპორტის დაქირავებისთვის დახარჯულია 67 000 ლარი.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წელსვე მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ იმავე შემადგენლობით ბიუჯეტის ხარჯზე კორსიკაზეც იმოგზაურა.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ვოიაჟების, რომელიც ბრალდების საქმეში მოხვდა. წარდგენილ ბრალდებას უსაფუძვლოს, ხარჯებს კი მიზნობრივს უწოდებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი.

მილიონამდე ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რას იტყვის ექსპრეზიდენტი ბიუჯეტიდან გრიფით საიდუმლო რეჟიმში მილიონობით ლარის გახარჯვის ბრალდებაზე, ეს სავარაუდოდ ორ დეკემბერს გაირკვევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.

დღის ამბები