ბათუმის და ზუგდიდის შემდეგ, 2022 წლის ბიუჯეტზე მსჯელობას იწყებს მარტვილის საკრებულოც. ვითარება აქაც იდენტურია - მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.
სხდომაზე მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები არიან დარჩენილები, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ, ენმ-სა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ადამიანები არიან, ჩვეულებრივი მოსახლეობა, რომელსაც აინტერესებს ხვალ რა უნდა იყოს და აქ რაც ბიუჯეტია - მარტივად არის ეს თანხები მორგებული და 11 მილიონსა და მილიონნახევარს ხარჯავენ რაიონში, რა უნდა ელაპარაკო?" - აცხადებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ გოროზია.
"ქართული ოცნების" წევრი ლევან სურმავა განმარტავს, რომ თუ საფინანსო დოკუმენტში რაიმე სახის ცვლილებები არის შესატანი, ამას ახალი საკრებულო ვერ გადაწყვეტს.
"ბიუჯეტი შემოდის 15-დან 25 ნოემბრამდე. 25 ნოემბრამდე თუ რამე ცვლილებებია უნდა დაბრუნდეს. როგორც ვიცი ახალი საკრებულო იკრიბება 3-ში და არც ერთ შემთხვევაში, ახალი საკრებულოც რომ იყოს, ცვლილებას უკვე ბიუჯეტში ვერ შეიტანს. თუ ეთანხმებიან, თვითონ ბიუჯეტს უნდა დაეთანხმონ, რაც იქნება წარმოდგენილი მერიის მიერ," - ამბობს ლევან სურმავა.
რაც შეეხება შენობის გარეთ მიმდინარე ვითარებას, ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მათი მხარდამჭერები.
დაამტკიცებს, თუ არა ძველი საკრებულო მარტვილის 2022 წლის ბიუჯეტს ცოტა ხანში გახდება ცნობილი.