16 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის რეაბილიტაციის პროცესი და სასამართლოს მოლოდინი - დაესწრება თუ არა სააკაშვილი ხვალ დანიშნულ პროცესს

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. ადვოკატების განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიებას, ბრალდებულის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს.

29 ნოემბრის სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. გამოძიება ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. პროკურორი დარწმუნებულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდება.

29 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში", 7 ნოემბრის საქმეზეც ექსპრეზიდენტის ბრალდებას დაუსაბუთებელს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

მხარდამჭერების მეშვეობით ხელოვნური არეულობის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ ყოფილ პრეზიდენტს მმართველ პარტიაში, სადაც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში ონლაინ მონაწილეობის სურვილი თავად არ გამოთქვა. სახელისუფლებო გუნდის წევრები ოპონენტებს მოუწოდებენ, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატონ.

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოჩნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სასამართლო დარბაზში პირველად, ხვალ, 29 ნოემბერს გაირკვევა.

დღის ამბები