26 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს... ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული - ნიკა გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განცხადებები გააკეთეს. ნიკა გვარამია საპოლიციო ძალები დიდი რაოდენობით მობილიზებას გამოეხმაურა.

"სახელმწიფო იღებს უსაფრთხოებას საკუთარ თავზე, ამიტომ უნდა ვაცალოთ როგორც მიიჩნევს საჭიროდ ის ღონისძიებები გაატაროს, ოღონდ ზუსტად იცოდეს, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მასზეა. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. ეს არ მიმაჩნია დარღვევად. 

კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს. ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, მაგრამ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად აქ არ იდგება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთ ადვოკატს, ბექა ბასილაიას, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული საქმეები იმას ემსახურება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება. ამასთანავე, ბასილაიამ განმარტა, რომ დაცვის მხარე პროცესზე რამდენიმე მნიშვნელოვან შუამდგომლობას დააყენებს.

"ნებისმიერი პროცესი, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობს აქ, ნებისმიერი განაჩენი, რომელიც მიღებულია ამ სასამართლოების მიერ, არის უკანონო განაჩენები, არის უკანონო საქმეები. ეს საქმეები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ამოცანის შესრულებას, პოლიტიკური ამოცანის შესრულებას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევალი, პოლიტიკური ტყვე და ის უნდა გათავისუფლდეს.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და უშუალოდ პროცესზე გავაჟღერებთ," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული, ისინი ტერიტორიაზე არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ.

სწორედ სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ.

ცნობისთვის, დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის. მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. 

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები