27 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე კვირას პარლამენტში 2 მინისტრს მოუსმენენ - დეპუტატების კითხვებს თეა წულუკიანი და მიხეილ ჩხენკელი უპასუხებენ

მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტში 2 მინისტრს მოუსმენენ. დეპუტატებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს.

კერძო სკოლები და ონლაინსწავლება - ესაა ის ძირითადი საკითხები, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები გაამახვილებენ ყურადღებას.

უმრავლესობას კი დამატებითი კითხვები აქვს, როგორც განათლების სფეროში დასაქმების კუთხით, ასევე კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებითაც.

"კითხვები ძალიან ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით განათლების მინისტრთან იმიტომ, რომ ვხედავთ ჩვენი შვილები რა მდგომარეობაში არიან, ამ ონლაინსწავლებიდან გამომდინარე როგორ დაეცა განათლების დონე. განათლების მინისტრი არის ამაზე პასუხისმგებელი. მე ვფიქრობ, მან უკვე თავი ვერ გაართვა იმ გამოწვევებს, რაც განათლების სამინისტროში იდგა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პერიოდში და მან ამაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა," - განაცხადა "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა.

განათლების მინისტრთან კითხვები პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიასაც აქვს.

"გვაინტერესებს, როგორ უყურებს ის განსაკუთრებით კერძო სკოლების განთავისუფლებას იმ სახელმწიფოს საშინელი რეგულირებებისგან, რომლის დამსახურებითაც გვაქვს ისეთი განათლების სისტემა როგორიც გვაქვს. ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ქადაგიშვილს კითხვები აქვს პროფესიული კოლეჯებისა და პროფესიული განათლების კუთხით არსებულ საკითხებზე.

"იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირში არის იმ პროგრამასთან, რაც პრემიერმა წარმოადგინა, მათ შორის სოციალურად დაუცველი ადამიანების, რომლებიც შრომისუნარებიანი არიან, მათი დასაქმება და პროფესიული უნარჩვევების ამაღლება, ასე რომ პირადად ჩემთვის ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურული მემკვიდრეობის საკითხი ჩემთვის არის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად ზოგიერთ შემთხვევაში მტკივნეულიც, ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა კულტურის მინისტრთან მექნება შეკითხვა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები