თვეზე მეტია კლინიკები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. რესპულიკური საავადმყოფო, რომელსაც ერთდროულად 350 ინფიცირებულის მკურნალობა შეუძლია, დღეს კოვიდპაცინტების მიღება უჭირს. რთული მდგომარეობა რეანიმაციაშია - 78-ვე ადგილი დაკავებულია.
13 ინფიცირებული 1 წლამდე ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაში - 2 მდგომარეობა მძიმე. ეს ციციშვილის პედიატრიული კლინიკის დღევანდელი მონაცემია. კოვიდმიმღებ განყოფილებაში 90 ინფიცირებული ბავშვი თუ მოზარდი გადის მკურნალობას.
ამ პირობებში ტექნიკური არა, თუმცა ადამიანური რესურსი შესაძლოა ამოიწუროს - თამარ გაბუნია "კურიერთან" ინტერვიუში იმ შესაძლებლობებზე საუბრობს, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემას დარჩა. ამბობს, რომ ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლები საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ახალი შტამის მოსალოდნელი საფრთხეები დღეს ყველა შეხვედრის უმთავრესი თემაა. ჯანდაცვის მინისტრმა გამოსავლის გზებზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ისაუბრა. საქართველო მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისგან მეტ დეტალს ელოდება "ომიკრონის" მახასითებლების შესახებ. ონლაინ დიალოგისას გაირკვა, რომ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მსოფლიო პროტოკოლში ცვლილებები შევა.
ვიდრე ახალი მკურნალობის პროტოკოლი ჩამოყალიბდება, ქვეყანაში ნომერ პირველი საკითხი ვაქცინაციის ტემპების გააქტიურებაა - ბოლო 24 საათში 13 600 ადამიანი აიცრა. რესპუბლიკური საავადმყოფოს იმუნიზაციის სპეციალური სივრცე დღეს ისევ მოქალაქეებით იყო გადატვირთული.