19 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
რა ხდება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ათობით პოლიციელია მობილიზებული - სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება

პენიტენციური დაწესებულების მანქანა ესკორტით, რომელიც, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოვიდა, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე იმყოფება. სავარაუდოდ მასში იმყოფება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, თუმცა მისი ეტაპირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ვრცელდება.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმის განხილვა ზუსტად 1 საათში, 11:00 საათზე დაიწყება.

საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

პარალელურად, სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა, ასევე ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, წინა სასამართლო სხდომის დროს, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა პროცესები შენობის გარე პერიმეტრზე ხმაურიანად წარიმართა. სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს 15 ადამიანი დააკავეს, გადაკეტილი იყო გზის სავალი ნაწილიც. 

სხდომის პარალელურად აქცია დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. 

მასაჟი, ვოიაჟები საზღვარგარეთ, დასვენება, შოპინგი, სასტუმროები, სწავლის დაფინანსება შვილისთვის და სხვა პირადი მოხმარებისთვის გაღებული თანხები ბიუჯეტიდან - ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, რომელიც 9 მილიონის გაფლანგვის რამდენიმე ტომს მოიცავს.

მმართველი გუნდი მე-3 პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდების ამ ეპიზოდშიც სააკაშვილის დანაშაულს ხედავს და საქმეს ელიტური კორუფციის კვალიფიკაციას აძლევს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების თქმით კი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული სადავო 9 მილიონი, პრეზიდენტმა კანონის სრული დაცვით განკარგა. 

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ სწორედ ჯანაშია აღმოჩნდეს ის პირი ვისაც სააკაშვილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დაადებს ხელს, ისევე როგორც (29 ნოემბერს გამართულ პროცესზე) 7 ნოემბრის საქმეზე, აქციის დარბევაში ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების შს მინისტრი - ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა

დღის ამბები