19 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ მოხდება

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება დღეს არ მოხდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიიღო. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს დაესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაიღებს და მასალას ისე გაავრცელებს. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება დაცვის მხარე და პროცესის 2 წუთიანი შეყოვნებით ტრანსლირების მოთხოვნის შუამდგომლობას აყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. სხდომას ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დაესწრება.

მასაჟი, ვოიაჟები საზღვარგარეთ, დასვენება, შოპინგი, სასტუმროები, სწავლის დაფინანსება შვილისთვის და სხვა პირადი მოხმარებისთვის გაღებული თანხები ბიუჯეტიდან - ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, რომელიც 9 მილიონის გაფლანგვის რამდენიმე ტომს მოიცავს.

მმართველი გუნდი მე-3 პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდების ამ ეპიზოდშიც სააკაშვილის დანაშაულს ხედავს და საქმეს ელიტური კორუფციის კვალიფიკაციას აძლევს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების თქმით კი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული სადავო 9 მილიონი, პრეზიდენტმა კანონის სრული დაცვით განკარგა. 

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ სწორედ ჯანაშია აღმოჩნდეს ის პირი ვისაც სააკაშვილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დაადებს ხელს, ისევე როგორც (29 ნოემბერს გამართულ პროცესზე) 7 ნოემბრის საქმეზე, აქციის დარბევაში ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების შს მინისტრი - ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა

დღის ამბები