ევროკავშირის ოფისში გიორგი კირთაძემ და ბათუმის საკრებულოს წევრებმა შეხვედრა გამართეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და მოადგილეებს ინფორმაცია მიაწოდეს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან და ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიის წევრები აჭარიდან ორი დღეა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მართავენ შეხვედრებს, რომელიც დღეს დასრულდა.
"მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით როგორ მიმდინარეობს გამოძიება და მოისმინეს ჩვენგან ის, რომ მოლოდინი ამ საქმის გამოძიების ობიექტურად არა გვაქვს იმიტომ, რომ ამ საქმის გამოძიების პარალელურად დღეს პოლიციის მაღალჩინოსანი ბათუმში ისევ არის დავით რიჟვაძე. ასევე იყო კითხვები ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით და ზოგადად ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი კირთაძემ.