16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას - "ემპათიის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას არასაჭირო მედიკამენტით მკურნალობდნენ

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-14 დღეა შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გორის ჰოსპიტალში გადის. სამედიცინო დაწესებულებაში მის მოსანახულებლად ექიმი ოთარ თოიძე და ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მივიდნენ. შესვლამდე მედიკოსებმა განცხადებები მედიასთან გააკეთეს:

"ის, რომ პრეზიდენტი კარგად გამოიყურებოდა სასამართლო პროცესებზე, ეს იმას მეტყველებს, რომ მას აქვს მობილიზაციის უნარი, მაგრამ ეს უნარი მალე მილევადია და საჭიროებს მკურნალობას, როგორც მედიკამენტური საშუალებებით, ასევე ე.წ. აღდგენით თერაპიას სხვადასხვა მეთოდებით. ეს არის პოსტტრავმული სტრესული სინდრომი და სჭირდება სტრესის სიმძიმიდან გამომდინარე სხვადასხვა აღდგენის პერიოდი, მინიმუმ ეს არის 2 თვე მაქსიმუმის განსაზღვრა ძალიან რთულია," - განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

რაც შეეხება "ემპათიის" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას, მისი თქმით, როგორც ექსპრეზიდენტის სამედიცინო ბარათიდან გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილს გარკვეულ ეტაპზე ისეთი პრეპარატით მკურნალობდნენ, რომელიც მას არ ესაჭიროებოდა:

"ეს არის ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის და ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. რა თქმა უნდა, ეს პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის სამედიცინო დოკუმენტაციაში. მას ეს წამალი არ ესაჭიროებოდა," - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

დღის ამბები