63 გარდაცვლილი და 1778 ახალი შემთხვევა - "კოვიდ 19"-ის ბოლო 24 საათის სტატისტიკა სპეციალურ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა უმრავლესობა კვლავ აუცრელი მოქალაქეა.
ექიმების მოწოდება ისევ იმუნიზაციის გაფართოება და არსებული რეგულაციების დაცვაა. პარალელურად, მსოფლიოში იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი" ვრცელდება. ქართველი ექიმები "ომიკრონის" დაფიქსირებას საქართველოში უახლოეს პერიოდში ელოდებიან და ამბობენ, რომ ახლა საზოგადოების ორად გაყოფის დრო არ არის და ყველა უნდა აიცრას.
"ახლა გვექნება შტორმი და ძალიან სწარაფად გადაგვივლის, ასე ვთქვათ. "ომიკრონი" ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ ის გამოჩნდება. მას ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი - დაღლილობის ძლიერი სინდრომი და აგრესიული ტემპერატურა. განმეორებითი დაინფიცირება თუ მოხდება უკვე გადატანილი "დელტასი" და დაემატება ეს, უფრო დაამძიმებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ერთადერთი გზა მისგან თავის ასაცილებლად, გვაქვს საზღვრების გაკონტროლება და გადმოკვეთამდე ის საკარანტინო ვადა, რომელიც დაიცავს ამ პერიოდებში მოსახლეობას. დანარჩენი, ჩვენ რეალური, ჩაკეტვის, გადაკეტვის და გადარაზვის საშუალება არ გვაქვს,"-აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.
ექიმები ვარაუდობენ იმასაც, რომ, შესაძლოა, მალე აღარ იყოს საკმარისი საწოლფონდი და სამედიცინო პერსონალის რაოდენობა პაციენტების ადეკვატურად სამართავად. კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, სეზონის გათვალისწინებით, იზრდება სხვა რესპირატორული ვირუსების გავრცელების შანსი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში.