16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
კანდიდატურების ძირითად ნაწილს ზურგს უმაგრებთ 4 წლიანი საკმაოდ წარმატებული საქმიანობა თბილისის მთავრობაში - გიორგი ტყემალაძე 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ ახალ შემადგენლობას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც მმართველი პარტიაში ამბობენ, წარდგენილმა გუნდმა წინა წლებშიც დაამტკიცა, რომ  წარმატებული გუნდი იყო და მათ ზურგს საკუთარი 4 წლიანი გამოცდილება უმაგრებთ.

"წარმოდგენილი კანდიდატურების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ადამიანებს, რომელთაც ზურგს უმაგრებთ 4 წლიანი საკმაოდ წარმატებული საქმიანობა თბილისის მთავრობაში. რა თქმა უნდა, არიან ახალი სახეებიც, მნიშვნელოვანია ის, რომ არიან ყოფილი საკრებულოს წევრებიც მთავრობის წევრებად წარმოდგენილი და ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთის მხრივ საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მოხდება აუცილებლად მხარდაჭერა და მეორეს მხრივ, მათი საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული,“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციის ნაწილის იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომ ისინი საკრებულოს იმ სხდომას დაესწრებიან, რომელზეც კახა კალაძე იქნება. 

"საკრებულოს სხდომა, იმიტომ რომ იქ კახა კალაძე უნდა მოვიდეს, მათთვის ალბათ კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საინტერესო პერფორმანსები შემოგვთავაზონ,“ - ამბობს ლევან ჟორჟოლიანი. 

დღეს საკრებულოში ორი სხდომაა. ერთი მათგანი 13:00 საათზე დაიწყება, რომელიც გაერთიანებულ კომიტეტებს აერთიანებს და მასზე კახა კალაძის გუნდის წევრები იქნებიან წარმოდგენილები. ისინი საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხებენ. ოპოზიციის ნაწილი ამ სხდომას არ დაესწრება.

რაც შეეხება მეორე სხდომას, ის 16:00 საათზე შედგება და მას კახა კალაძეც დაესწრება. ამავე სხდომას დაესწრებიან ოპოზიციის წევრებიც და მერს კითხვებს დაუსვამენ.

თბილისის საკრებულოში მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ, მათ შორის მოხდება მერის მოადგილეების დამტკიცება, ასევე ქალაქის მერიაში არსებული სამახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დაამტკიცებენ.

 

 

დღის ამბები