თბილისის საკრებულო დედაქალაქის მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება. კახა კალაძეს საკრებულოში 16:00 საათისთვის ელოდებიან. სხდომას ოპოზიციის სრული შემადგენლობა დაესწრება.
ოპოზიციისთვის წარმოდგენილი გუნდი მიუღებელია და აცხადებენ, რომ შემადგენლობაში ცვლილებები არ არის, გარდა იმისა, რომ მასში 4 ახალი სახეა. ისინი არ აპირებენ, მხარი დაუჭირონ კახა კალაძის ახალ შემადგენლობას. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, მათ კახა კალაძის მისამართით კითხვები აქვთ, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
"ჩვენ, ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ კალაძე აპირებს წარადგინოს არსებულის ქალაქის მთავრობა, ფაქტიურად, უცვლელი შემადგენლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 წელი ისევ უნდა ვუყუროთ დაუსრულებელ კორუფციას და მათ გამდიდრებას გაუბედურებული, გაჭირვებული და მშიერი ადამიანების ხარჯზე. როგორ შეიძლება ჰქონდეს მხარდაჭერა გუნდს, რომელიც 4 წელი მხოლოდ კორუფციაში იყო ჩაძირული," - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფო ჯაფარიძე.
კახა კალაძესთან კითხვები ექნება თბილისის საკრებულოს წევრს პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის“, საბა ბუაძეს. ის ამბობს, რომ შეკითხვები შეეხება იმას, როგორ ხედავენ ქალაქის განვითარებას მომავალში.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც, პირველ რიგში, წარმოიშვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სადაც ჩვენ, ძირითადად, გვესმოდა დაპირისპირების ენა და აგრესიული მოწოდებები. ახლა გვაქვს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას გასულ 4 წელში დაშვებულ ბევრ შეცდომასთან დაკავშირებით, რომელმაც თბილისელების ცხოვრება გააუარესა და ასევე, გვაქვს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ ამ ქალაქის განვითარების მომავალს,“ - ამბობს საბა ბუაძე.