20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
"#1 ჯამბაზი, ბატონი ხაბეიშვილი ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში 

თბილისის საკრებულოში სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

სხდომათა დარბაზში განსაკუთრებული ხმაური იმ კითხვებმა გამოიწვია, რომლებიც ოპოზიციის წევრებმა დასვეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კითხვები აცდენილი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. 

ხმაური გამოიწვია საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებამაც, რომელმაც კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა. ამ განცხადებას თავის მხრივ უპასუხა დედაქალაქის მერმა, რომელმაც თქვა, რომ საკრებულოს ნომერ პირველ ჯამბაზად წოდებული ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა.

"ჩვენ გვაქვს საუკეთესო მოცემულობა, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იყო საკრებულოს ნომერი პირველი ჯამბაზი, ბატონი ხაბეიშვილი ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. მივცეთ იმის საშუალება რომ გავერთოთ,"- აღნიშნა კახა კალაძემ. 

სიტყვიერი დაპირისპირება იყო კახა კალაძესა და "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, საკრებულოს წევრ საბა ბუაძეს შორის. კამათი საბა ბუაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თბილისის მერს - "კორუმპირებული მერი" უწოდა.

"მე მიმაჩნია, რომ თქვენ ამ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით," - განაცხადა საბა ბუაძემ. 

საკრებულოს დეპუტატების კითხვები ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც და სწორედ ესეც გახდა სხდომათა დარბაზში ხმაურის გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი.  

ამ დროისთვის, საკრებულოში სხდომა მშვიდ ვითარებაში გრძელდება. 

 

 

დღის ამბები