20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
კიევის შავ სიაში შეყვანილი ოდესის კრიმინალური დაჯგუფების ქართველი ავტორიტეტი - რა ბრალდებებს უყენებენ თორნიკე ნაგლაძეს, იგივე "ინვალიდს"

ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი - თორნიკე ნაგლაძე, მეტსახელად "ინვალიდი", უკრაინაში წელს უკვე მესამედ დააკავეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლემ სექტემბერში შინა პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების გამო, ნაგლაძე ორი დღის წინ კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს. შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ოდესაში 30-ზე მეტ ძარცვაზეა პასუხისმგებელი.

უკრაინული მედიის ცნობით, თორნიკე ნაგლაძე გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდის", მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" უახლოესი გარემოცვის წევრია და სწორედ მისი მითითებით მართავდა ოდესაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას. ლავასოღლის ადვოკატი, "კურიერთან" ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ თორნიკე ნაგლაძის შესახებ არაფერი სმენია.

ძარცვის არაერთი ეპიზოდის გარდა, თორნიკე ნაგლაძე უკრაინაში მხილებულია სამოქალაქო აქტივისტის ოლეგ მიხაილიკის განზრახ მკვლელობის მცდელობაშიც. ოდესის ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ სამოქალაქო აქტივისტს 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ფაქტზე თორნიკე ნაგლაძე და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს, თუმცა, მალევე, ყველა მათგანი საეჭვო ვითარებაში გაათავისუფლეს. ნაგლაძის უკრაინელი ადვოკატი ადგილობრივ მედიასთან ყველა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

"ისინი, უბრალოდ, დააკავეს ეჭვმიტანილებად საზოგადოების დასამშვიდებლად, ან რეალური დამნაშავის მიმართ ყურადღების გადასატანად. პროკურატურის პოზიცია ეფუძნებოდა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ეს არადამაჯერებლად გამოიყურება. იგივე ლოგიკით, შეეძლოთ დაეკავებინათ მთელი ოდესის პოლიცია,"- აცხადებს ნაგლაძის უკრაინელი ადვოკატი.

თორნიკე ნაგლაძე ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი სახელი შეიყვანა სანქცირებულთა შავ სიაში, სადაც პოსტსაბჭოთა სივრციდან, 550-ზე მეტი კრიმინალურ ავტორიტეტი მოხვდა.

დღის ამბები