ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, ამის შესახებ ინფორმაცია მას ჯო ბაიდენმა მიაწოდა.
"გზავნილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე, არის ის, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ არ აპირებს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ესკალაციის გაგრძელებას. ვფიქრობ, ეს შესაძლოა, მცირე და არასაბოლოო, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია," - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-თან.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებისას საუბარი კომპრომისებზე არ ყოფილა.
"არანაირ კომპრომისებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ის დახმარებით, ჩვენ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი პლატფორმა გაგვიჩნდეს,"- აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი 9 დეკემბერს შედგა.