27 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დასრულებულია - როგორია სამომავლო გეგმები და რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება პარლამენტში

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დასრულებულია. თორმეტივე მათგანს პარლამენტის კომიტეტების წევრების სრული მხარდაჭერა აქვს. ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატებმა მათი უწყებების მიერ განხორციელებულ პროექტებზე, რეფორმებსა და გეგმებზე ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრეს.

სამთავრობო პროგრამით გაწერილი საკვანძო საკითხები ყველა სამინისტროსთვის უცვლელი რჩება. ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველა მსხვილი პროექტი უნდა განხორციელდეს. უწყების პრიორიტეტები ძალაშია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელისთვისაც დეპუტატებისგან სრული მხარდაჭერა კულტურისა და სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებმაც მიიღეს. ალექსანდრე წულაძემ, სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კანონმდებლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სწორედ ამ ფორმატში სთხოვეს განათლების მინისტრს დაეზუსტებინა, რეალურია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სასწავლო პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღების თაობაზე.

კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, უწყების მიზანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაა. ქართული კულტურისა და სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამ დარგის მინისტრობის კანდიდატმა. თინათინ რუხაძის თქმით, ამ სფეროს კრიტიკის დროს, ყველა მხარემ პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე უნდა გადადოს.

პარლამენტის თექვსმეტივე კომიტეტი სამთავრობო გუნდს და პროგრამას მხარს უჭერს. პრემიერის ხელმძღვანელობით დეპუტატები მინისტრთა კაბინეტს ნდობას პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებენ.

დღის ამბები