27 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილე პირების რამდენიმე პროცესი შედგა - მოსამართლემ 5 მათგანს 500 ლარიანი და ერთს 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, 11 პირის პროცესი გადაიდო

მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც აქტივისტი ილია სეთური ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილების გაპროტესტება სეთურის მხარდამჭერებმა სასამართლოს შენობის მიღმა პროტესტით სცადეს, ეზოში მათ ბანერების გაშლა და ხმის გამაძლიერებლების გამოყენება სურდათ, რისი საშუალებაც მანდატურებმა არ მისცეს.

ილია სეთურს გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლს
ედავება, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას გულისხმობს. საუბარია მიმდინარე თვეს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე, აქტივისტების მხრიდან გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტებზე. ილია სეთურის გარდა სასამართლო ამავე მუხლის ფარგლებში დღეს კიდევ რამდენიმე აქტივისტის საქმეზე მსჯელობდა, მათგან მოსამართლემ ხუთს 500 ლარიანი და ერთს 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, 11 პირის პროცესი კი, 11 დეკემბრისთვის გადაიდო.

აქტივისტების პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში დღეს არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მორიგი გამოკითხვაც იყო. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ამჯერად გამოძიების შეკითხვებს ნინო ლომჯარიამ უპასუხა. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას სავარაუდო დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მტკიცებულებებიც დაუტოვა. პროკურატურა კი განმარტავს, რომ ლომჯარიამ მათ სხვადასხვა ეთერებში გასულ
მასალაზე მიუთითა.

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა აირჩია ნინო დოლიძემაც. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში მივიდა და საარჩევნო სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას, გამოძიებას  რამდენიმე საათის განმავლობაში აწვდიდა.

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს. საქმის ფარგლებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, პროკურატურამ უკვე გამოკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელიც.

 

დღის ამბები