"ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ სხვა დსთ-ს წევრ ქვეყანასთან. იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება. ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ამასთან პაპუაშვილის განცხადებით, 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის.
"2030 წელს, ჩვენ ვთქვით კიდეც და, სხვათა შორის, "ქართულმა ოცნებამ" ეს თარიღი დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი ამ თარიღს, როგორც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. 2030 ყველას ახსოვს, როდის ითქვა ჯერ კიდევ - 2011 თუ 2012 წელს. 2030 წელს, იმიტომ, რომ საქართველოს გრძელვადიანი გეგმა აქვს, საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის, რა ვქნათ, ამას ხომ ჩვენ ვერაფერ ვერ ვუშველით. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირს ევროპული განვითარების ტემპებით და როცა განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაც რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი. იმიტომ რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ სხვა დსთ-ს წევრ ქვეყანასთან. იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება. ერთ მხარეს, რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. ევროკავშირში ინტეგრაციით ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა, ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, საქართველოში იმას ვერ შემოვუშვებთ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.