რეაბილიტირებული ინტერიერი, განახლებული გარე ფასადი, შეცვლილი საკომუნიკაციო სისტემები - ავლაბრის მეტროსადგურის რეკონსტრუქციის ფარგლებში სრულად განახლდა სადგურის მთავარი დარბაზი, შეიცვალა სახურავის კონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე მასალებით მოპირკეთდა. შესრულებულ სამუშაოებზე დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რვა თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მეტროსადგურის კონსტრუქციულ მდგრადობასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, პროექტი დაკორექტირდა. რეკონსტრუქციის პარალელურად სადგურს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა ავლაბრის მოედანზეც. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ახალი შადრევანი. ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები.
ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.