ეპიდვითარება ქვეყანაში - კიდევ 36 გარდაცვლილი, 2 922 ახალი შემთხვევა, 4 999 გამოჯანმრთელებული - ეს ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკაა. მძიმე პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილები კლინიკებში ყოველდღიურად მცირდება. მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ქვეყანა ახალი შტამის მოლოდინშია. სამხრეთ აფრიკულ შტამს მეცნიერები სწავლობენ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თითქმის 1 თვიანი დაკვირვების შედეგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის ომიკრონის შტამით დაავადება ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით. ასევე, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მძიმე შემთხვევები.
"სტაბილიზაციაზე ვისაუბრებთ, როცა ჩამოვცილდებით 1 000-ს, გვექნება რამდენიმე ასეული შემთხვევა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოვა 20-ის ქვემოთ. ახალ შტამთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, მაგრამ საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს.
ერთია დამამშვიდებელი, რაც გუშინ განცხადება იყო სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის, უკვე ამ დაკვირვების მანძილზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები. ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით ეს შტამი, ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია," – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
როგორც ამირან გამყრელიძე "კურიერთან" აცხადებს, 60 წელს ზემოთ პირების მიმართვიანობა ვაქცინაციის კუთხით შეჩერდა. მისივე ინფორმაციით, ამ ასაკის პირების სტატისტიკით, ჯერ კიდევ აუცრელი 50%-ზე ოდნავ მეტი ადამიანია.
"ბოლო 1 კვირაა სამწუხაროდ გაჩერდა 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობა აცრებზე, ერთიანად აცრილია მხოლოდ 86 ათასი ადამიანი პირველი დოზით. ასევე, აცრები იზრდება ყოველდღიურ რაოდენობაში ბუსტერის და ასევე მეორე დოზების გამოყენება. ამიტომ, სულ მეტი და მეტი მოწოდება გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას პირველადი დოზით. 60 წლის ზემოთ ჯერ მოსახლეობის 50%-ზე ოდნავ მეტი არის აუცრელი," - ამბობს ამირან გამყრელიძე.