რუსთავის მერიაში ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზე იმსჯელეს.
ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლაცაბიძის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონში რუსთავისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები შეიტანა, თუმცა საწარმოები ისევ არ ასრულებენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სწორედ ამიტომ რამდენიმე საწარმო დაჯარიმდა და გამოსასწორებლად გონივრული ვადა განესაზღვრა.
"მთავარი პრიორიტეტი არის, სწორედ უსაფრთხო გარემო, სადაც იზრდებიან ჩვენი შვილები და ვცხოვრობთ რუსთაველები. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მე ვიმუშავებ. სწორედ უკვე მუნიციპალიტეტიდან, საწარმოებთან ერთად ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება სამინისტროსთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც უკვე კონკრეტულ დეტალებზე ვიმსჯელებთ. საწარმოებმა აუცილებელია წარმოადგინონ, ვადებში გაწერილი გეგმა, რას აპირებენ და რა პერიოდიდან შევძლებთ, რომ რუსთავში სუფთა ჰაერი გვქონდეს,"- განაცხადა, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.