გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ისევ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინშია. აუცილებელი მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა? 12-მა მსაჯულმა გადაწყვეტილება პირველ 4 საათში ვერ მიიღო და დილის ცხრა საათზე მათ 8-საათიანი დროის ათვლა დაეწყოთ. ამ შემთხვევაში ვერდიქტს მხოლოდ რვა ხმა სჭირდება.
მერაბ კობიაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ ამაში ნაფიცი მსაჯულების დარწმუნებასაც შეძლებენ:
"ჩვენი არგუმენტები ეფუძნება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს. სანდო და დამაჯერებელ მოწმეთა ჩვენებებს. რაც შეეხება ბრალდების მხარეს მათი პოზიცია ძირითადად ეფუძნება საქმის შედეგით დაინტერესებული და ასევე არადამაჯერებელი მოწმეების ჩვენებებს, რომელთაც არაერთხელ შეცვალეს ჩვენებები, ჰქონდათ მცდელობა, რომ მოეტყუებინათ ნაფიცი მსაჯულები, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ნაფიცი მსაჯულები ამ ყველაფერს დაინახავდნენ,"- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე მიუთითებენ მოკლულის ოჯახის წევრებიც, როგორც ისინი აცხადებენ, ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ეს იყო შურისძიება და ადგილი არ ჰქონია გამაფრთხილებელ გასროლას. თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საკმაოდ განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიციები სასამართლოში იმისგან რასაც ისინი მედიასთან ლაპარაკობენ.
საუბარია 2020 წლის 16 თებერვალს მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით და დაჭრით დასრულდა, სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს მერაბ კობიაშვილი, ის წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამბობს რომ მომხდარი აუცილებელი მოგერიება იყო, იმისთვის რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა. კობიაშვილს 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და მას აღკვეთის ღონისძიება მოეხსნა.