29 აგვისტო 2026,   20:49
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე - არხის გენდირექტორის თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი წილებზე გაყალბებული დოკუმენტით დაობს

საქალაქო სასამართლოში დღეს "რუსთავი 2-ის" საქმეზე იმსჯელეს - ამ შემთხვევაში, საუბარია ირაკლი ორქუაშვილის ეპიზოდზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტელეკომპანიის წილებზე დაობს. საქმეში მთავარი მტკიცებულება დოკუმენტია, რომელიც, როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმდა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, გიორგი ზედელაშვილის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები დევს. 

"სასამართლოზე განსჯის საგანი იყო იმ ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი და ხელშეკრულებაზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის საკითხი, რომელიც ეხება "რუსთავი 2-ის" წილებს. ბატონი ქიბარი აცხადებდა, რომ ამ დოკუმენტზე მას არ აქვს ხელი მოწერილი, თუმცა, მისი პოზიციის საწინააღმდეგოდ, საქმეში არსებობს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ არის მასზე ბატონი ქიბარის ხელმოწერა; ასევე, ერთი დასკვნა არის გაკეთებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, სადაც საუბარია, თითქოს, არ არის ეს ხელმოწერა ნამდვილი,"- აცხადებს ადვოკატი. 

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია კი ამბობს, რომ დოკუმენტი ყალბია და ამას ექსპერტიზაც ადასტურებს. მისივე თქმით, მოსარჩელე მხარემ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რაზეც მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

"სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენლის, ბატონი გია ზედელაშვილის თანდასწრებით, გააკეთა რამდენიმე ათეული ხელმოწერა ქიბარ ხალვაშმა, ასევე წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტები, სადაც ქიბარ ხალვაშის ორიგინალი ხელმოწერები იყო და ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ ეს ხელმოწერა, იმ დოკუმენტზე, რომელზეც აპელირებს ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი, არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს და შესრულებულია სხვა პირის მიერ.

მოსარჩელემ დააყენა შემდეგი სახის შუამდგომლობა: ის ითხოვს, ვინაიდან საქმეში არსებობსო სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნები, განმეორებითი ექსპერტიზა ჩაატაროს სასამართლომო, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ არ ვეთანხმებით ასეთ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე ხედავს, რომ სხვადასხვა ექსპერტების დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უფლება აქვს დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და სხვა ექსპერტს მისცეს, არა იმავე ექსპერტებს. ეს არის კანონის განაწესი და სხვანაირად ვერ მოხდებოდა. შუამდგომლობაზე პასუხი არ გვაქვს, მოსამართლემ აიღო გარკვეული ვადა,"- აცხადებს პაატა სალია. 

დღის ამბები