07 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ქმარმა 5 თვის ფეხმძიმე მეუღლე - "კურიერისთვის" შემზარავი ოჯახური ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბინაში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა ორსული მეუღლე, დანით მიყენებული ჭრილობებით სასიკვდილოდ გაიმეტა, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.

რა გახდა ოჯახური ტრაგედიის მიზეზი, ამაზე გამოძიება მუშაობს. გავრცელდა რამდენიმე ვერსია, თუმცა ყველა არაოფიციალური, ერთ-ერთი 23 წლის მამაკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, მკვლელობის დროს ის, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ იმყოფებოდა და დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. "კურიერის" ინფორმაციით, დანით მიყენებული დაზიანებები ხელის არეში თავად დაკავებულსაც აქვს.

რატომ გაიმეტა ქმარმა 5 თვის ორსული სასიკვდილოდ, მკვლელობიდან მეორე დღესაც მეზობლებს საუბარი უჭირს, ყვებიან რომ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, არც მანამდე და არც მკვლელობის დღეს გაუგიათ.

23 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, ის მოკლულ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ვარკეთილის დასახლებაში ცხოვრობდა. "კურიერის" ინფორმაციით, ის არაერთხელ ნასამართლევია, წარდგენილი ჰქონდა საკმაოდ მძიმე მუხლები, მათ შორის ძალადობის.

სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს - ეს პოზიცია აქვთ მოკლული 22 წლის გოგოს ოჯახს, მანამდე კი ახლობლები მომხდარის კონკრეტულ მიზეზებზე და შესაძლო კონფლიქტზე არაფერს ყვებიან. ქეთა კეპულაძის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ წყალტუბოში, მშობლების სახლში გადაასვენეს.


მკაცრი სასჯელი, შესაძლოა, უვადო პატიმრობითაც განისაზღვროს, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალეულობა დაუმტკიცდება. მის წინააღმდეგ გამოძიება გუშინვე დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 23 წლის მამაკაცს სახაზინო ადვოკატი იცავს.

ინტერესების დამცველი სამართლებრივ დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს, იურისტი წინასწარი მოთავსების იზოლატორში დღეს პირველად შეხვდა დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა მურვან ჯანჯღავას თქმით, მკვლელობის დღის შესახებ, მან ინფორმაცია ვერ მიიღო. მისივე თქმით, გოგა გზირიშვილი მძიმე ემოციური ფონის ქვეშ იმყოფებოდა, მას ჯერ ჩვენებაც კი არ მიუცია.

დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ, დანიშნულია ექსპერტიზები. სავარაუდოდ. უახლოეს დღეებში დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ.

დღის ამბები