ხმაური იყო გორის საკრებულოში. დეპუტატებმა მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე იმსჯელეს.
ახალი ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა ის ოპოზიციას არ მოსწონს, ფიქრობენ, რომ პრიორიტეტები არასწორადაა განაწილებული.
პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.
"წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი, არ ასახავს გორელების ინტერესებს, იმიტომ რომ ახალი, რაც ჩვენ დავინახეთ ამ მთავარი ფინანსური დოკუმენტის ფურცლებზე, ეს იყო ის რომ ჩინოვნიკებს ეზრდებათ ხელფასი. აქ გადამწყვეტი ხმები და მანდატები არ ეკუთვნის არცერთ ოპოზიციურ პარტიას, იგივე შენიშვნების და კითხვების შემთხვევაში, აღმოგვაჩნდა საერთო ინტერესები ჩვენ და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს,"- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა ბალიაშვილმა.
"მთავარი საფინანსო დოკუმენტი აუცილებლად მისაღები იყო, იმიტომ, რომ ამას ელოდება ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის წინაშე ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ის ღონისძიებები, ის მუხლობრივად კონკრეტული საქმიანობა განხორციელდეს, რაც ამ ბიუჯეტით არის განსაზღვრული. დიდი თხოვნა მაქვს ჩემს ოპონენტებთან, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა მუშაობაში. დატოვება, ის პერფორმანსი, რაც გააკეთეს ძალიან მარტივია და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა ჩაბარდეს წარსულს,"- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ.