ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" ცირკულაცია თანდათანობით მატულობს. ყოველდღიურად იზრდება ახალი შტამის დადასტურებული შემთხვევები. ამ დროისთვის, ინფიცირებული პაციენტების საშუალო ასაკი 38 წელია. დაავადებულ პაციენტთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში გამოვლენილი "ომიკრონის" შემთხვევებიდან, გართულება სულ რამდენიმე ინფიცირებულს ჰქონდა; თუმცა, ისინი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებზე საუბრობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"ძალიან სწრაფად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, ასევე, დავიცვათ ის რეგულაცია, რომელიც, მგონია, რომ მარტივია და ჩვენს ხელშია ამის გაკეთება - ეს არის ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და შეკრებების თავიდან აცილება. მესმის, რომ ერთის მხრივ რთულია, რადგან სადღესასწაულო დღეებია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ამის გაკეთება, რომ დავასრულოთ პანდემია 2022 წელს,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.
ღუდუშაურის პრენატალური განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, "ომიკრონის" მიმდინარეობა, წინა შტამებისგან განსხვავებით, მსუბუქია; თუმცა, მისივე თქმით, მთავარი უარყოფითი მოვლენა, რომელიც ასეთ სწრაფად გავრცელებად შტამს შეიძლება ახლდეს, ეს ინფიცირებულების მკვეთრად ზრდა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკია. როგორც პაატა ჟორჟოლიანი ამბობს, ის ადამიანები, რომლებიც თანმხლები დაავადებების გამო რისკჯგუფებად ითვლებოდნენ, "ომიკრონის" შემთხვევაშიც მოწყვლად ჯგუფად რჩებიან.
რაც შეეხება ბოლო 24 საათის სტატისტიკას, კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 943 ახალი შემთხვევა.