ქართველების მორიგი კრიმინალური საქმე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბოლო რამდენიმე კვირაში პოლონეთში უკვე 50-მდე ქართველია დაკავებული, მათ შორის არის სამკაციანი დაჯგუფება: 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ვარშავის ქუჩებში მოქალაქეებს ატერორებდნენ.
"დანების ბანდა" - ასე უწოდებს ქართულ დაჯგუფებას პოლონური მედია, რომელიც დაწვრილებით წერს ქართველების მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე.
ძარცვა და ყაჩაღობა დანებით - შეიარაღებული ქართული დაჯგუფება მსხვერპლს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. იპარავდნენ ყველაფერს - ფულს, ტელეფონებს, ძვირფას ნივთებს.
ვარშავის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ქართველები "შკოდის" მარკის ავტომობილებით მოძრაობდნენ, ამოღებულია კამერების ჩანაწერები, რითაც დადგინდა მათი საცხოვრებელი მისამართიც. დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი ვარშავის მახლობლად, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააპატიმრეს. დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე პატიმრობა ელით.