15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულმა დუმილი არც სასამართლო დარბაზში დაარღვია. მძიმე დანაშაულში ბრალდებული წინასასამართლო სხდომას დისტანციურად, საკნიდან დაესწრო. ის ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ბრალდებულისგან განსხვავებული პოზიცია აქვს იმავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს. მოზარდი, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან, მომხდარზე სასამართლო დარბაზში ღიად საუბრობს და აღიარებს, რომ ის დაჭრის ფაქტს შეესწრო.
დახურულ კარს მიღმა ოთხ საათს გაგრძელებული სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობებით დაიწყო. მოსამართლემ არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა და ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით განმარტა, მისი თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები.
საქმეში მთავარი მტკიცებულება - მკვლელობის იარაღი, ამ დრომდე არ დევს. პროკურატურაში, სადაც ფიქრობენ, რომ ის მკვლელობისთვის ბრალდებულმა გადამალა, გამოძიებას სწორედ ამ კუთხით განაგრძობენ. 15 წლის დავით კრავეიშვილის საქმეზე დაკავებულის ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს.
სისიხლის სამართლის საქმე არსებით განხილვაზე გადადის. მომავალი სასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა და ის მტკიცებულებების განხილვითა და მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.