ერთ დღეში 600-მდე გაიზარდა "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევები. კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში პიკს მიაღწია. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე, მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ეს ყველაფერი შეიძლება ე.წ. ლატენტური, ფარული ფორმითაც წავიდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო მეტია. ჩვენი ექიმების, ექსპერტების და ა.შ. თხოვნა არის, რომ მაქსიმალურად ვირუსს შევებრძოლოთ სახლის პირობებში. თუ ცოტა უფრო გართულდა მდგომარეობა კოვიდ სასტუმროებში, ოჯახის ექიმის დახმარებით ეს ინსტიტუტი აქტიურად ჩაერთოს. ეს გვჭირდება იმიტომ, რომ არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალი. ეპიდემილოგიაც ხიფათის შემცველია და მოსახლეობის მიმართ ამიტომ გვაქვს რეკომენდაცია, რომ ვიაროთ ნიღბით დავანებოთ ამ ტაშ-ფანდურებს თავი, მოვერიდოთ ამ თავყრილობებს,"-აცხადებს დევი ტაბიძე.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 234 შემთხვევა გამოვლინდა 46 პაციენტი გარდაიცვალა, 1 727 კი გამოჯანმრთელდა.